ერთი ჩემპიონის ისტორია

რომი 1960

25 ივნისი 2012

XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო-11 სექტემბერი. რომი, იტალია.

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 20

მედლების კომპლექტი: 150

მონაწილეობდა 83 ქვეყნის 5338 სპორტსმენი (მათ შორის 611 ქალი).

თამაშები გახსნა იტალიის პრეზიდენტმა ჯოვანი გრონჩიმ.

ათლეტთა სახელით ფიცი დადო ადოლფო კონსოლინიმ (მძლეოსნობა).

ოლიმპიადის გმირი: ულმა რუდოლფი (აშშ)

რომი ოლიმპიადისთვის სამზადისს იმ რწმენით შეუდგა, რომ თამაშები წინამორბედთაგან განსხვავებული და გამორჩეული იქნებოდა. ორგანიზატორებმა წარმატებით განახორციელეს მთავარი იდეა - ანტიკური გარემო თანამედროვე სპორტს მოარგეს, რისთვისაც ანტიკური ნაგებობები გამოიყენეს და ახალი არენების მშენებლობაშიც მთავარ პრინციპად ძველთან ჰარმონიული კავშირი დაისახეს. ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრება კარაკალას თერმებში ჩატარდა, მოჭიდავეები მაქსენციუსის ბაზილიკაში გამოდიოდნენ, მარათონის სტარტი და ფინიში კი, ყველა სხვა ოლიმპიადისაგან განსხვავებით, ოლიმპიური სტადიონის გარეთ მოეწყო: მორბენლებმა სტარტი კაპიტოლიუმის ბორცვზე აიღეს და დისტანცია იმპერატორ კონსტანტინეს თაღთან დაამთავრეს. ამავე დროს, საგანგებოდ ოლიმპიადისთვის ააგეს არაერთი სპორტული სარბიელი. მათგან გამოირჩევა დახურული სპორტული არენა, რომელიც თანამედროვეობის უდიდესი არქიტექტორისა და ინჟინრის, ლუიჯი ნერვის პროექტით აშენდა და დღემდე ითვლება XX საუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებად. რომის ოლიმპიადა იყო პირველი, რომლის ტელერეპორტაჟებიც ფართოდ გადაიცა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და მას თვალს ადევნებდა მილიონობით გულშემატკივარი. ამან არნახულად გაზარდა სპორტის პოპულარობა. თამაშების საზეიმო გახსნამდე ოლიმპიადის მონაწილეები, მუსლიმებისა და ბუდისტების ჩათვლით, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის წინ შეიკრიბნენ, რათა რომის პაპის, იოანე XXIII-ის კურთხევა მიეღოთ. მათ შორის არ იყვნენ მხოლოდ სსრ კავშირის ოლიმპიური დელეგაციის წევრები.

ოლიმპიადის გმირად აღიარეს ამერიკელი მძლეოსანი ულმა რუდოლფი, რომელმაც მოიგო 100 და 200 მეტრზე რბენა და 4X100 მეტრზე ესტაფეტაშიც ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა. არადა, შედეგით იგი მხოლოდ მეხუთე იყო. რუდოლფს 1 ბრინჯაოს მედლით აჯობა ამერიკელმა მოცურავემ კრის ფონ ზალცამ. მოპოვებული მედლების რაოდენობით პირველი სამი ადგილი ტანმოვარჯიშეებმა დაიკავეს. მესამე შედეგი აჩვენა იაპონელმა ტაკასი ონომ, რომელმაც 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიგო. II ადგილზე იყო წინა ოლიმპიადის გმირი ლარისა ლატინინა, რომელმაც თავისი ისედაც მდიდარი კოლექცია 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით შეავსო. იმის მიუხედავად, რომ გუნდური პირველობა იაპონელმა ტანმოვარჯიშე კაცებმა მოიგეს, ყველაზე მეტი პირადი ჯილდო საბჭოთა გუნდის წევრმა ბორის შახლინმა მოიპოვა - 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი. რომში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ქართველმა სიმაღლეზე მხტომელმა რობერტ შავლაყაძემ. მან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა უდავო ფავორიტად მიჩნეული ამერიკელი ჯონ თომასი, აგრეთვე თანაგუნდელი ვალერი ბრუმელი. თომასმა 214 სანტიმეტრი დასძლია, შავლაყაძემ და ბრუმელმა კი - 216, რაც ოლიმპიური რეკორდი იყო. რეკორდსმენად ერთიც გამოცხადდა და მეორეც, ოლიმპიური ჩემპიონი კი რობერტ შავლაყაძე გახდა, რადგან მან სარეკორდო სიმაღლე ნაკლები ცდით აიღო. ამერიკელთა ჰეგემონია დაემხო ვაჟთა შორის 100 მეტრზე რბენაშიც, სადაც მათ 1932 წლიდან ვერავინ ამარცხებდა. ამ თამაშებში მთავარ სპრინტერულ დისტანციაზე გერმანელმა არმინ ჰარიმ გაიმარჯვა. რომში მოპოვებული კიდევ 1 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით დაამთავრა ოლიმპიური კარიერა სახელგანთქმულმა იტალიელმა მოფარიკავემ ედოარდო მანჯიაროტიმ. მოფარიკავეთა შორის მას ჯილდოების ყველაზე მდიდარი კოლექცია აქვს. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მანჯიაროტიმ ოლიმპიური თამაშების 13 (6 ოქრო, 5 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) და მსოფლიოს ჩემპიონატების 20 (13 ოქრო, 5 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) მედალი მოიპოვა. რომის თამაშების შემდეგ სამუდამოდ დატოვა ოლიმპიური სარბიელი უნგრელ ხმლით მოფარიკავეთა სახელოვანმა სამეულმა. 50 წლის ალადარ გერევიჩი, 40 წლის რუდოლფ კარპატი და 38 წლის პალ კოვაჩი რომში კვლავ ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ, კარპატიმ კი პირადი ტურნირიც მოიგო. თავის მეოთხე ოლიმპიადაზე მეექვსე ოქროს მედალი მოიპოვა სახელგანთქმულმა შვედმა ნიჩბოსანმა გერტ ფრედრიკსონმა.
რომის თამაშებზე საქართველოს 16 წარმომადგენელი ჰყავდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში. რობერტ შავლაყაძის გარდა, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ავთანდილ ქორიძე. ვერცხლის მედლები მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გიორგი სხირტლაძემ, კალათბურთელებმა გურამ მინაშვილმა და ვლადიმერ უგრეხელიძემ, წყალბურთელებმა ლერი გოგოლაძემ და გივი ჩიქვანაიამ. III ადგილზე გავიდნენ მოფარიკავე გურამ კოსტავა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზია და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ რუბაშვილი. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საბჭოთა კავშირმა ზედიზედ მეორე თამაშებში სოლიდური უპირატესობით დაამარცხა წინა ოლიმპიადების უპირობო ფავორიტი - ამერიკის შეერთებული შტატები. III ადგილზე, ისევე როგორც მელბურნში, მასპინძლები გავიდნენ. მეოთხე იყო გერმანია, რომელიც ამჯერად გაერთიანებული გუნდით გამოდიოდა.

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები

XVII ოლიმპიადა. რომი. 16 მონაწილე. 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი. რობერტ შავლაყაძე (მძლეოსნობა) - I, ავთანდილ ქორიძე (კლასიკური ჭიდაობა) - I, გიორგი სხირტლაძე (თავისუფალი ჭიდაობა) - II, გურამ მინაშვილი (კალათბურთი) - II, ვლადიმერ უგრეხელიძე (კალათბურთი) - II, გივი ჩიქვანაია (წყალბურთი) - II, ლერი გოგოლაძე (წყალბურთი) - II, ვლადიმერ რუბაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - III, გივი კარტოზია (კლასიკური ჭიდაობა) - III, გურამ კოსტავა (ფარიკაობა) ¬- III, ალექსანდრე შერბინა (მძლეოსნობა) - IV, ბორის ნიკიტინი (ცურვა) - VIII, ვახტანგ ბალავაძე (თავისუფალი ჭიდაობა) - XI, ნუგზარ ასათიანი (ფარიკაობა) - V ადგილი მეოთხედფინალში. რევაზ ქვაჩაკიძე (მძლეოსნობა) - ფინალში ვერ მოხვდა, იური დიაჩკოვი (მძლეოსნობა) - შეჯიბრებას გამოეთიშა.