ერთი ჩემპიონის ისტორია

სკვო-ველი 1960

25 ივნისი 2012

VIII ზამთრის  ოლიმპიური თამაშები 1960, 18-28 თებერვალი. სკვო-ველი (აშშ)  

 

სხვა კანდიდატები:

  • გარმიშ-პანტერკინხენი
  • ინსბრუკი
  • სენტ მორისი

 

სპორტის სახეობათა რაოდენობა : 4

მედლების კომპლექტი :27

მონაწილეობდა 30 ქვეყნის 665 სპორტსმენი (მათ შორის 144 ქალი)

თამაშები გახსნა:  რიჩარდ ნიქსონი - აშშ-ს  ვიცე - პრეზიდენტი  

 

სკვო-ველის ზამთრის VIII ოლიმპიური თამაშები. 1960. ზამთრის თამაშების მასპინძლობის უფლებას 4 თამაში ეცილებოდა ერთმანეთს: გარმიშ-პარტენკირხენის (გფრ), სანკტ-მორისი (შვეიცარია), ინსბრუკი (ავსტრია) და სკვო-ველი (აშშ). პირველი ორი მალევე გამოეთიშა ოლიმპიადისთვის ბრძოლას, ფინალში კი სკვო-ველი სულ 4 ხმით - 32:30 დაამარცხა ინსბრუკი. როცა კალიფორნიის მანმადე უცნობმა ამ პატარა ქალაქმა ოლიმპიადის ჩატარების უფლება მოიპვა, იქ ერთი სასტუმროს გარდა არაფერი იყო. ამას გარდა, როგორც გაირკვა, სამთო-სათხილამურო ტრასები ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს, სათხილამურო ტრასები კი თითქმის 2000 მეტრის სიღრმეზე იყო განლაგებული.

 

ევროპელთა სასტიკი კრიტიკის მიუხედავად, სკვო-ველის თამაშების ორგანიზატორებმა, ამ პატარა ქალაქისა თუ დიდი სოფლის პატრონის, ალექსანდრე ქაშინგის ხელშეწყობით, მშვიდად გააგრძელეს წინა საოლიმპიადო სამზადისი - 11 ათას მაყურებელზე გათვლილი ულამაზესი სტადიონიც ააშენეს. ჩქაროსნული ციგურაობისთვის 400-მეტრიანი ხელოვნური ყინულის ტრასაც ააგეს, სპორტსმენებს კეთილმოწყობილი ოლიმპიური სოფელიც დაახვედრეს და ასპარეზობებიც ჩაატარეს. პირველად ოლიმპიადების ისტორიაში ინფორმაციას ელექტრული გამომთვლელი მანქანების მეშვეობით ამუშავებდნენ, რამაც ძალიან გააადვილა თამაშების ჩატარება. მოეწყო ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრებების პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟები. მასპინძLებმა ვერ ააგეს მხოლოდ ბობსლეის ტრასა, უფრო სწორად მისი აგება არც უცდიათ, რადგან წინასწარი გამოკითხვით დააზუსტეს რომ ბობსლეისტთა ტურნირზე მონაწილეთა გამოგზავნას მხოლოდ 9 ქვეყანა აპირებდა და ეს სახეობა პროგრამიდან ამოიღეს.


თამაშები ოფიციალურად გახსნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა. გახსნის ცერემონიალის რეჯისორი იყო უოლტ დისნეი. ოლიმპიური ცეცხლი აანთო წინა თამაშების ჩემპიონმა ჩქაროსნულ ციგურაობაში კენ ჰენრიმ, სპორტსმენთა სახელით კი ოლიმპიური ფიცი დადო ფიგურისტმა კეროლ ჰეისმა, რომელმაც წინა თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, სკვო-ველიში კი ჩემპიონი გახდა. საერთოდ, სკვო-ველიში წინა თამაშების რამოდენიმე ჩემპიონმა და პრიზიორმა გაიმეორა ან გააუმჯობესა თავისი მიღწევა: კორტინა დ'ამპეცოში მოპოვებულ 1 ოქროს, 2 ვერცხლსა და 1 ბრინჯაოს შვედმა მოთხილამურემ სიქსტეინ იერნბერგმა ოქროსა და ვერცხლის თითო მედალი კიდევ მიამატა. ფინელმა მოთხილამურემ ვეიკო ჰაკულინენმა თავისი ოლიმპიური მედლების კოლექცია სამივე ხარისხის თითო მედლით გაამდიდრა; ევგენი გრიშინმა ისევ მოიგო 2 დისტანცია ჩქაროსნულ ციგურაობაში. თამაშების დახურვის დღეს მოციგურავეთათვის მოეწყო ე.წ. სარეკორდო გარბენები. ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ევგრენი გრიშინმა არა მარტო ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, არამედ პირველად გაირბინა 500-მეტრიანი დისტანცია 40 წამზე ნაკლებ დროში -36,9.


გრიშინის მსგავსად, ჩქაროსნულ ციგურაობაში 2 ოქროს მედალი მოიპოვა საბჭოთა სპორტსმენმა ლიდია სკოლბლიკოვამ. ქალთა ჩქაროსნული ციგურაობა ზამთრის თამაშების პროგრამაში აქ პირველად შეიტანეს, თანაც, პირდაპირ 4 დისტანციაზე. სკობლიკოვას გარდა, ამ სახეობაში ქალთა შორის პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ გერმანელი ჰელგა ჰაასე და საბჭოთა მოციგურავე კლარა გუსევა. პირველი ქალი, ვინც ჩქაროსნულ ციგურაობაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო, 500 მეტრზე გამარჯვებული ჰელგა ჰაასე იყო. სათხილამურო ტრასებზე მთელი ოქრო-ვერცხლი სკანდინავიელებმა და საბჭოთა მოთხილამურეებმა გაინაწილეს.ჩრდილოურ ორჭიდში გაიმარჯვა დასავლეთ გერმანელმა ფოსტალიონმა გეორგ თომამ. იგი პირველი არასკანდინავიელი იყო, ვინც სათხილამურო სპორტში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. ტრამპლინიდან ხტომაში ოქროს მედალი მოიპოვა აღმოსავლეთ გერმანელმა ჰელმუტ რეკნაგელმა.თამაშებში კვლავ მონაწილეობდა ქართველი ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე, რომელიც საბჭოთა კავშირის სახელით გამოდიოდა და მე-9 ადგილი დაიკავა.

 

სკვო-ველის ოლიმპიურ პორგრამაში პირველად გამოჩნდა ბეათლონიც. სწორედ ასე უწოდეს პატრულთა სათხილამურო რბოლას, რომელიც 1924 წლიდან ოთხჯერ იყო წარმოდგენილი თამაშებზე სადემონსტრაციო სახეობის სტატუსით. სპორტის ამ ახალ ოლიმპიურ სახეობაში გათამაშებული პირველი ოქროს მედალი შვედმა კლას ლესტანდერმა მოიგო, მეორე ადგილზე გავიდა ფინელი ანტი ტირვაინენი, მესამეზე - საბჭოელი ალექსანდრ პრივალოვი. სამთო მოთხილამურეთა შორის, რომლებმაც სკვო-ველის თამაშებში პირველად გამოიყენეს მეტალის თხილამურები, გამოირჩეოდა ავსტრიელი ერნესტ ჰინტერზეერი. მან ოქროს მედალი მოიპოვა სლალომში და ბრინჯაოსი - გიგანტურ სლალომში. ჰოკეიში პირველი ადგილი დაიკავავეს ამერიკელებმა, მეორე - კანადელებმა, მესამე ადგილი კი საბჭოთა ჰოკეისტებს დარჩათ.

 

საქართველოს ოლიმპილთა შედეგები:

 

1.   კობა წაქაძე - ტრამპლინიდან ხტომა  90 მ - 9 ადგილი,