ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილზე კლიპი და პორტრეტი შეიქმნა კანადა-რუსეთის ჰოკეოსტთა მატჩმა თეთრი ოლიმპიადის დედაქალაქი განსაკუთრებით გამოაცოცხლა
ოლიმპიადაზე უინტერესო დღეები არ არსებობს. ეს, საერთოდ, გამორიცხულია. ყოველდღიურად, სულ მცირე, ერთი-ორი მოვლენა მაინც იწვევს საყოველთაო ყურადღებას და არა მხოლოდ თვით ოლიმპიურ თამაშებზე, არამედ მილიონობით ტელემაყურებეთა შორისაც. ამ სტრიქონებს ახლა ვანკუვერის თეთრ ოლიმპიადაზე დღის განსაკუთრებული მოვლენის შემდეგ, როგორც იტყვიან, ცხელ გულზე ვწერთ. დილიდან ჩვენც ერთი საჭოჭმანო საფიქრალი გვქონდა, როგორმე დავსწრებოდით კანადა-რუსეთის ჰოკეისტთა, შეიძლება ითქვას, ისტორიულ მატჩს, რომელიც, ალბათ, ოლიმპიადის ფინალსაც დაამშვენებდა. მართალია, ბევრის მთქმელია ის, რომ მატჩი მეოთხედფინალური იყო, მაგრამ ეს არაფერ შუაშია, ადრეულ ეტაპზეც არ განელებულა საყოველთაო ინტერესი და აჟიოტაჟი ამ მატჩისადმი. თამაშებზე აკრედიტებულ ჟურნალისტებასც კი არ აქვთ უფლება ოლიმპიადაზე ყველა სპორტულ შეჯიბრებას დაესწრნონ. თუ სპორტის სახეობაში შენი ქვეყნის გუნდი ან სპორტსმენი არ გამოდის, სპორტულ ასპარეზობაზე მოხვედრის პრეტენზიას ვერ გამოთქვამ, მით უფრო თუ საქმე პრინციპულ ტოპმატჩებს ეხება. ,,ცდა ბედის მონახევრეაო" და ჩვენც ვცადეთ. მთავარ პრესცეტრში ბილეთების განაწილებაზე პასუხისმგებელ სიმპატიურ კანადელ ქალბატონს ვთხოვეთ შემწეობა. შეწუხდა, ძალიან მინდა დაგეხმაროთ ქართველ ჟურნალისტებს, მატჩამდე ორი საათით ადრე შემოიარეთ, ეგებ რამე გავახერხოო. მოლოდინში მოსკოვში გამომავალ ჟურნალ ,,სემ დნეის" მთავარი რედაქტორის მოადგილე სერგო კუხიანიძე შეგვხვდა პრესცენტრში. ჩვენი სურვილიც გავანდეთ და იმ ქალბატონის დაპირებაც. თვალები გაუბრწყინდა. ეგ ქალი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის, უთუოდ დაგეხმარებათ, მეც რამდენჯერმე დამხმარებიაო – გვითხრა სერგომ. მოკლედ, გაგვიმართლა. კანადელმა ქალბატონმა ბილეთებიც გაგვიხერხა და გზაც დაგვილოცა, ქართველები კარგი ხალხი ხართო, მოაყოლა გამომშვიდობებისას. მთავარი პრესცენტრიდან გამოსულებს ოლიმპიური სოფლიდან ტელეფონით რუსუდან აფციაური გვეხმიანება. ,,ლელოს" მკითხველებს ადრე ვაცნობეთ, რომ ვანკუვერში შეიქმნა სიმღერა ნოდარ ქუმარიტაშვილზე. რუსუდანმა ახლა გვითხრა, რომ სიმღერის ჩანაწერი უკვე მოიპოვა და კლიპს ელექტრო ფოსტით სასტუმროში გადმოგვიგზავნიდა. ასეც მოხდა. ეს კლიპი დაუყოვნებლივ ელექტრო ფისტით ,,ლელოში" გადავაგზავნეთ, მაგრამ ახლა მთავარი ის იყო, რომ რუსიკომ კიდევ ერთი ახალი ამბავი გვაცნობა – სიმღერისა და კლიპის ავტორი მელისა მულდერ-ალდერსონს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის პორტრეტს საქართველოს დელეგაციას გადასცემს ოლიმპიურ სოფელში, რასაც ჩვენც დავესწრებით. პროტრეტის ავტორია კალგარელი მხატვარი გვარად ბრუსი. დავუბრუნდეთ კანადა-რუსეთის ჰოკეისტთა მატჩს. ვანკუვერში ამ მატჩამდე ასეთი აჟიოტაჟი დღემდე არცერთ ასპარეზობას არ გამოუწვევია. მთელი დღის განმავლობაში ქალაქში ოლიმპიადის სტუმრებიც და მასპინძლებიც ამ შეხვედრაზე ლაპარაკობდნენ. ჰოკეი ორივე ქვეყნისთვის რაც არის, ყველამ კარგად იცის. დარბაზში რა ატმოსფეროც სუფევდა, ტელეეკრანებზეც ნახავდით. ორივე სახელმწიფოსთვის ეროვნული ღირსების ეს მატჩი რუსებმა პირწმინდად წააგეს – 3:7. რაც შეეხება საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლებს: 26 თებერვალს თბილისის დროით გამთენიისას ელენე გედევანიშვილი თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ მოკლე პორგრამის შემდეგ ჩვენი მოციგურავე მეცხრე ადგილზეა. ოლიმპიადის განრიგით ნინო წიკლაური 26, ხოლო იასონ აბრამაშვილი და ჯაბა გელაშვილი 27 თებერვალს სლალომში გამოვლენ სტარტზე, რითაც ვანკუვერის თეთრი ოლიმპიადა ჩვენთვის დასრულდება. |