საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დუშეთში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოლიმპიური მზადების ცენტრი და ოლიმპიური სახლი გახსნა, სადაც ამიერიდან ჩვენი სპორტსმენები სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის კომფორტულ გარემოში მოემზადებიან. პრეზენტაციაზე ქვეყნის პრეზიდენტს სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე ახლდნენ.
დუშეთის სპორტულ კომპლექსში ყველანაირი პირობაა შექმნილი ათლეტთა ნაყოფიერი მომზადებისთვის, თუმცა მას საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია და სხვადასხვა სამუსაოები კიდევ გრძელდება. სულ მალე ოლიმპიურ სახლს ფეხბურთისა და რაგბის მოედნები, ასევე ძალოსნობის დარბაზი და ტირიც შეემატება. აღსანიშნავია, რომ ბაზაზე უკვე შეკრება გაიარეს მოკრივეებმა, ხოლო ამჟამად მზადებას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, ტანმოვარჯიშეები და ტაეკვანდოს გუნდი გადის, მოგვიანებით ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები და ძიუდოისტები დაიწყებენ ევროპის ჩემპიონატისტის მოსამზადებელ შეკრებას.
|